კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა საქართველოში: დაკავებულია 11 პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2019 წლის გაზაფხულზე ისრაელის მოქალაქემ თანამზრახველებთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში თაღლითურად ეუფლებოდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს და ანაწილებდა ჯგუფის წევრებს შორის.

შსს-ს მტკიცებით, ორგანიზატორებმა უკანონო საქმიანობაში ეტაპობრივად ჩართეს უცხო ენების მცოდნე პირები, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას.

„დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელექტრო ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიბერთაღლითობის ახალი სქემა: საბანკო ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ხერხით ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 ათას ევროს.

ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიებამ დააყადაღა.

ასევე, ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.

უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 22-დან 35 წლამდე მერყეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან  12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორ დავიცვათ თავი კრიპტოთაღლითებისგან – სპეციალისტის რჩევები >>

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.