საუკუნის პროექტი: რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან  და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაო, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან 6 გვირაბი უკვე გაჭრილია.

რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.