პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ახალი წესი დაამტკიცა

შერჩევა ოთხ ეტაპად წარიმართება, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, რომელიც თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ე.წ. სასამართლო სკანდალის გამო ბოლო ორ წელში უკვე მესამედ შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და ახალი ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი და მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ განხეთქილება გამოიწვია. ახლა საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესი შეიმუშავა, რომელიც კვლავაც დახვეწის პროცესშია.

ამ ჯერზე პარლამენტს მოუწია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილის გათვალისწინება, რათა მოსამართლეების შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს. 

სასამართლოების მუშაობის რეჟიმი იცვლება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები

პარლამენტის მიერ უკვე მიღებული პროექტის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ხოლო თუ საბჭოს წევრი დაფარავს თავის შეფასებას, იგი არ ჩაითვლება, კანდიდატთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგები კი გაუქმდება.

ასევე იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევის ბოლო ეტაპისთვის კანდიდატების სიის შედგენის წესი. კერძოდ, აღნიშნულ სიას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არა კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

პარლამენტს მხოლოდ იმ კანდიდატების სია გადაეცემა, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს.

რა ეწერა შეთანხმებაში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი არ მოაწერეს>>>

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კენჭისყრის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გამოხატული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების აუცილებლობას დამოუკიდებლად იმისა, კანდიდატს მხარს უჭერს თუ არა. ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი კენჭისყრისას და ასევე კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციები საჯარო იქნება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატისადმი თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით.

მოსამართლეთა შერჩევის წესი

შერჩევა ოთხ ეტაპად ჩატარდება, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

საბჭო კენჭისყრის პირველ ეტაპზე კანდიდატებს არჩევს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატთან საჯარო გასაუბრებას ატარებს და მათ შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

შემდეგ ეტაპზე საბჭო გასაუბრების შედეგებით კანდიდატების რაოდენობას უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობამდე ამცირებს.

ბოლო ეტაპი – მიმდინარეობს შერჩეული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში დასამტკიცებლად წარსადგენად.