„დიდი პატივია“: პოზნერმა თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა, მაგრამ ოპოზიციის აქციების გამო ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ის ადამიანები, რომლებმაც თბილისში რუსი ტელეწამყვანის ჩამოსვლის გამო არეულობა მოაწყვეს, არ იმსახურებენ ყურადღებას, დაწერა ვლადიმირ პოზნერმა თავის ვებ-გვერდზე.

მანამდე „Sputnik-საქართველოს“ რედაქცია დაუკავშირდა პოზნერს, მაგრამ მან ღამის მოვლენების კომენტირებაზე უარი თქვა.

„სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით“ - პოზნერის სტუმრობამ სოცქსელი ააფეთქა

„მინდა აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არც ერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა, არავის მოწვევა არ მივიღე მოვსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და, როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღებას არ იმსახურებენ. დიდი პატივია. ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები“, – დაწერა პოზნერმა თავის გვერდზე.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი შეუსრულდა. მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა, რადგან მის ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

პოზნერი თბილისიდან ხუთშაბათს, დილით გაფრინდა. ცნობილმა ჟურნალისტმა თავისი იუბილეს აღნიშვნა მოსკოვში გადაიტანა.