თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმება, ნაცვლად 500-ისა, საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი შთანხმება საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმდა.
ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 ათასზე მეტი პირია დარეგისტრირებული.
გერმანიის შრომით ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას სამი თვით შეძლებენ. გერმანიაში სეზონური სამუშაოები აპრილში დაიწყება, საქართველოდან პირველ ნაკადს კი მაისიდან ელოდებიან.
დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუტგარტის, დოუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის უფრო მეტად გაფართოება.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე.
გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად საფრანგეთსა და ისრაელშიც დასაქმდებიან?>>
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი დაინტერესებულ პირს გამოუგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.