გერმანულ–ფრანგულ აუდიტორიას დიდი ქართველი მეფე – თამარი გააცნეს

ფრანგულ და გერმანულენოვანი საზოგადოება გაეცნო მეფეთ–მეფე თამარის მოღვაწეობას, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ქართული რენესანსის ეპოქა
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. გერმანულ–ფრანგულმა ტელეარხმა Arte დიდ ქართველ მეფე თამარზე სიუჟეტი გადაიღო.

Arte თავის პროგრამებში ყურადღებას ამახვილებს ხელოვნებასა და კულტურაზე, ასევე ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე. ის იღებს შემეცნებით გადაცემებს და მაღალი ხარისხის დოკუმენტალისტიკას.

Arte–ს სიუჟეტში თამარ მეფის შესახებ მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელმაც ტელევიზიას ინტერვიუ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მისცა, სადაც, გადმოცემის თანახმად, ოდესღაც თამარ მეფე დაიკარგა.

„ფრანგულმა ცნობილმა ტელევიზიამ ARTE-მ დიდი გადაცემა მიუძღვნა ქართველთა სახელოვან მეფეთა-მეფე თამარს. ჩემთვის როგორც ისტორიკოსისათვის, დიდი პატივი იყო ამ გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო და მესაუბრა ვარძიაში მეფეთა-მეფე თამარზე!“ – დაწერა Facebook–გვერდზე კალანდიამ.

თამარ მეფის სახელთან (1166–1213) არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანა“. თამარმა თავისი მეფობის დროს დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის სტრატეგია განაგრძო. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.