თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბის წინაშე მოთამაშეების შემდგომი გაყიდვისთვის მომზადების ამოცანა არ დგას. კერძოდ, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, ფილიპ ურემოვიჩზე და დენის მაკაროვზე.
„ჩვენს წინაშე არ დგას მოთამაშეების შემდგომი გაყიდვისთვის მომზადების ამოცანა. ჩვენ ვქმნით გუნდს. და თითოეული ეს ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ კლუბმა მიიღო ღირსეული წინადადება ნებისმიერ ჩვენს მოთამაშეზე, ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ ის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ღირსეული წინადადება“, - განაცხადა საიმანოვმა გამოცემა sport.business-gazeta-სთან ინტერვიუში.
ამასთან საიმანოვი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში კვარაცხელიასთან დაკავშირებით კლუბი ბევრ წინადადებას მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მალე ფაქსები „დასტებად“ შემოვა. თქვენ გესმით, რომ მას, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ გუშინ შეუსრულდა 20 წელი! ტალანტია! მთელი გულით ვისურვებდი, რომ მომდევნო სეზონზე ჩვენთან ითამაშოს. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩვენთან დავიტოვოთ. მაგრამ მე ისიც მესმის, რომ ხვიჩას გაჩერება ჩვენთან დიდი ხნით არ ივარგებს“, - განაცხადა საიმანოვმა.
ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ტრანსფერის ამჟამინდელი ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დროისათვის „რუბინის“ ნახევარმცველი - ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
მსოფლიო-2022-ის სამ შესარჩევ მატჩში (შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან) კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნახევარმცველმა ესპანეთს (1:2) და საბერძნეთს (1:1) გაუტანა.