ინციდენტი პოზნერთან დაკავშირებით – კრემლის რეაქცია

რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი გამოეხმაურა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. კრემლი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას ნაციონალისტების მხრიდან სასტუმროზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ამასთანავე რუსებს მოუწოდებს, ცხადად გაიგონ, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, წერს РИА Новости

სკანდალი პოზნერთან დაკავშირებით: რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთის სათათბიროში პროტესტზე თბილისში

ცნობილი რუსი ჟურნალისტის თბილისში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

„პირველი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტების აგრესიულ ქმედებებს. მეორე: ჩვენ დღეს ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ ამ განცხადებას მივესალმებით. მესამე: ჩვენ მადლიერი ვართ ქართველი პოლიციელების, რომლებმაც რუსების უსაფრთხოება უზრუნველყვეს“, – განაცხადა პუტინის პრეს-სპიკერმა.

ამასთან, პესკოვმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის უსაფრთხოების გაზრდილ რისკზე ისაუბრა.

„საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვულოცავ პოზნერს დაბადების დღეს. უკეთესია მისი სახლში აღნიშვნა, აქ უფრო სიმშვიდეა“, – განაცხადა პესკოვმა. 
პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონიერად შემოვიდნენ. 

პოზნერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს. საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პოლიციის დაცვით დატოვეს და ამ დილით საქართველოდან გაემგზავრნენ.