ზურაბიშვილი: მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა – პოლიტიკურმა მხარეებმა ხუთპუნქტიან შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში სამომავლო პროგრესის მიღწევისთვის კარგი საფუძველია, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. 

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიებისთვის კარი კვლავ ღიაა

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც შვედი დიპლომატის მედიაციით გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა – მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი არ მოაწერეს მათთვის შეთავაზებულ დოკუმენტს. დანიელსონის თქმით, დოკუმენტი რომელიც მხარეებისთვის ევროპელი პარტნიორების მიერ იქნა წარდგენილი, შეხვედრის მონაწილეების მხრიდან უარყოფილი იქნა.

 „ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებმა ჯერ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“, – დაწერა  ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

შვედმა დიპლომატმა თბილისი უკვე დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა. დანიელსონის პირველი ვიზიტი 12–19 მარტს შედგა. მეორედ ის ქვეყანაში 27 მარტს კონკრეტული დოკუმენტის პროექტით ჩამოვიდა, რომელიც საბოლოოდ მხარეებმა უარყვეს. 

შუამავალი ბრიუსელში გაემგზავრა, კითხვები კი თბილისში დარჩა

დანიელსონმა  მხარეებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა წარუდგინა. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა – საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს, მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების – „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და ტელეარხ „მთავარის“ მფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებაა.