ზუგდიდში 82 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები – ქალის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 82 წლის ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, მატარებელი დაეჯახა, იუწყება  „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალატონი  მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით.  იგი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე  იმყოფება.  ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“,- განაცხადა ექიმმა სულხან ოჟონიამ.

შემთხვევა ზუგდიდში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ–ის 275–ე მუხლით "სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია".

ნიკა ლატარია