თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მილების ჩაყრაზე მომუშავე ხომალდმა „აკადემიკოსი ჩერსკი“ (Академик Черский) დანიის წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის ადგილს მიაღწია. იუწყება РИА Новости.
ამჟამად მილსადენზე უკვე მუშაობს რუსული ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც დანიაში გაზსადენის მეორე განშტოებას (Line B) ასრულებს. „აკადემიკოსი ჩერსკი“ განაახლებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი შტოს (Line A) მშენებლობას.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის სიმძლავრის გაზსადენის ორი განშტოების გაყვანას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. გაზსადენი რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებსა და ტერიტორიულ წყლებზე გადის.
აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. მოწინააღმდეგეთა შორის ასევე არიან უკრაინა და ევროპის ქვეყნები. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.
გასული წლის დეკემბერში Nord Stream 2 AG-მ მოახერხა მილსადენის მშენებლობის განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში „ფორტუნას“ გამოყენებით. ამჟამად მშენებლობა ფინალურ სტადიაზეა. Nord Stream 2 AG-ის ოპერატორის მონაცემებით, დარჩენილია დაახლოებით 148 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი: 120 - დანიის წყლებში და 28 - გერმანიაში.