თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მცენარეული ზეთის გაძვირების მიზეზი ლარის გაუფასურება და ამ პროდუქტზე საერთაშორისო ფასების გაზრდაცაა, რაც პანდემიამ გამოიწვია, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ-სესიაზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მცენარეული ზეთის ღირებულება მკვეთრად გაძვირდა და დღეს სავაჭრო ობიექტებში ერთი ლიტრი საკვები მზესუმზირის ზეთის შეძენა საშუალოდ 7 – 8.50 ლარადაა შესაძლებელი. ამის გამო მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
გვენეტაძის განცხადებით, მცენარეული ზეთის ფასის ზრდას იწვევს როგორც ლარის გაუფასურება, ასევე ამ სასაქონლო ჯგუფზე საერთაშორისო ფასების ზრდა. გარდა ამისა, დიდი გავლენა სურსათის ფასებზე პანდემიამ მოახდინა.
„ამ დღეებში ძალიან აქტუალურია და სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ ვნახე, სურათებს პოსტავენ, სადაც მცენარეული ზეთის ფოტოებია, რომ ფასი მომატებულია და ღირს 8 ლარი. რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა და სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებს ფასების გაკონტროლებას რაიმე პროდუქტზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, ზეთი და სხვა სახის ცხიმები უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა. თებერვლის ინფლაციის დეტალური ანგარიშის თანახმად, მცენარეული ზეთის ფასი წლიურ ჭრილში 62%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში 18%-ით არის გაძვირებული მარგარინის ღირებულება, კარაქის საფასური კი წლიურად 11%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში სურსათის ღირებულება წლიურ ჭრილში 6.2%-ით არის გაზრდილი.