რადიკალიზმი უნდა დასრულდეს – გახარია პოლიტიკურ კრიზისზე

გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს  გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედონ
Sputnik

 

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას –  ასე შეაფასა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართული მოლაპარაკებების შედეგები  საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. 

„დაველოდოთ ის რას იტყვის“ – ღარიბაშვილი გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით გამართული შეხვედრები კვლავ უშედეგოდ დასრულდა – ევროსაბჭოს წარმომადგენელმა  ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ვერ შეძლო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარწმუნება. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი  სახელმწიფოს მშენებლობის ხელშემშლელი ფაქტორია... ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – დაწერა გახარიამ Facebook–გვერდზე.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ექს–პრემიერი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავს ყვავილებით ამკობს – 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.