ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

რა გახდა მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის პოსტი 2018 წლის 12 იავნისს დაიკავა, ხოლო ვიცე-პრემიერის პოსტზე 2021 წლიდან დაინიშნა.

როგორც მაჭავარიანი წერს, ის თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურისა და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების გამო რამდენიმე თვით გადადო.
რადიკალიზმი უნდა დასრულდეს – გახარია პოლიტიკურ კრიზისზე

„ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან“, -წერს მაჭავარიანი.

მან მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტს რთულ პერიოდში კოორდინირებულად მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ივანე მაჭავარიანის ბიოგრაფია

ივანე მაჭავარიანი 1974 წლის 11 თებერვალს თბილისში დაიბადა.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი, ხოლო 2009 წელს დაამთავრა სასწავლო პროგრამა ფინანსებში და გაიარა ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული ტრენინგები.

1997-2018 წლებში კომპანია Geocell-ში იყო საფინანსო განყოფილების სპეციალისტი, ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი, ფინანსური დირექტორი და კომპანიის კომერციული დირექტორი.

2010-2011 წლებში იყო TeliaSonera’s Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა).

2012-2015 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners).

2018 წლის ივლისში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.