„თავისუფლების ფასი არაფერია“: რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

ყოფილმა დეპუტატმა რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. კერვალიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ყოფილმა დეპუტატმა, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

„ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია“, – განაცხადა კერვალიშვილმა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ.

მისი განცხადებით, იგი ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მიერ დაზარალებული პირები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. 

„ცენტრ პოინტის“ დირექტორი მაია რჩეულიშვილი კიდევ ერთ დანაშაულში ამხილეს

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 2017 წლის მარტში 4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილს საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 7 წლით პატიმრობა შეეფარდა. 

2012 წლის სექტემბერში „ცენტრ პოინტი“ კომპანია „М კვადრატმა“ შეისყიდა. კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწებისა და კონტრაქტების გადაცემა კი გაჭიანურდა.

კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა (2016 წლის ივნისიდან) სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.