მცდელობა №2: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების მიღწევა ევროპელი დიპლომატის მხრიდან მეორე მცდელობაა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში მოლაპარაკებებს მართავენ.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. მოლაპარაკებების მედიატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონია. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასა და პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარება – შვედი დიპლომატის მხრიდან მეორე მცდელობაა. 17 მარტს გამართული პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენენ. 

გადამწყვეტი მოლაპარაკებები: დანიელსონმა კომპრომისული დოკუმენტი მოამზადა

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან სალომე სამადაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“, ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“ და გოჩა თევდორაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან წინასწარი შეხვედრები უკვე გამართა, რომელზეც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა განიხილეს. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება – საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.