ნათია თურნავა: საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სახელმწიფო ბიზნეს-სექტორს 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე.

ლარი კიდევ უფრო დაეცა: კურსმა 3,4-იან ნიშნულს გადააჭარბა

გასაყიდი ობიექტების ნუსხას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ეს არის მართლაც უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ქონება, ობიექტია შემოთავაზებული თქვენთვის, რათა არ დაგვრჩეს არც ერთი გაჩერებული აქტივი, არც ერთი დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი, არც ერთი არაეფექტური საწარმო და ყველგან, სადაც არის შესაძლებლობა და ინტერესი, შემოვიდეს კერძო ინვესტიცია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შეინარჩუნოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში.

„ჩვენ – ხელისუფლებამ და ბიზნეს-საზოგადოებამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დღეს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შოკი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა

პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზენტაციას მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.