ლარი კიდევ უფრო დაეცა: კურსმა 3,4-იან ნიშნულს გადააჭარბა

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4118 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა – ბოლო 10 დღეში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,5%-ით დაეცა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს

ქართული ვალუტის გაცვლითი კურსი 3,4 ლარის ნიშნულს 2020 წლის 27 მარტს გასცდა, როდესაც დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი – 3,4842 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრებოდა. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.