Spurnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია)
დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ.
1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.
1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.
1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.
წმიდა პიმენ სალოსი
დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - „კეთილშობილთაგანი“. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის“ უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.
ღვდელმოწამე ალექსანდრე - რომის პაპი
ათი წელი განაგებდა, რომის ეკლესიას. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, ცოცხლად დაწვეს 119 წლის 3 მაისს.
მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი
სირიის ანტიოქიაში ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) ზეობისას. წმიდა იოანე ოქროპირის დროს იულიანეს ნაწილები ავადმყოფებს კურნავდა. წმიდა მღვდელმთავარი მასზე ლაპარაკობს 47-საუბარში.
წმიდა მოციქული არისტობულე
ბრიტანეთის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი თავის ძმასთან, წმიდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა.
სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან!