საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტოკიოს ოლიმპიადისთვის საკოლექციო მონეტები გამოუშვა

სულ მოჭრილია 1.5 ათასი მონეტა და თითოეულის ღირებულება 80 ლარია. გაყიდვები 2021 წლის 1 აპრილს დაიწყება
Sputnik

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო. გადაწყდა, რომ თამაშების სახელწოდება არ შეიცვლება და ის იქნება „ტოკიო - 2020“.

ტოკიოს ოლიმპიურმა ჩირაღდანმა სტარტი აიღო - პირდაპირი ტრანსლაცია

მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 80 ლარია.

მონეტები 2021 წლის 1 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთი მომხმარებელი არაუმეტეს ორი მონეტის შეძენას შეძლებს.

მონეტის ავერსს წარმოადგენს ტოკიოს მთავარი ოლიმპიური არენის არქიტექტურის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება. არენის შიდა ნაწილში გამოსახულია საქართველოს  მოფრიალე დროშა. მონეტის ცენტრალურ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო. წრიულ რკალში კი დატანილია წარწერები NATIONAL OLYMPIC TEAM OF GEORGIA და „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს სპორტული მარათონის სარბენი ბილიკის სტილიზებული გამოსახულება.  დატანილია წარწერები: „5 ლარი", ოლიმპიადის სლოგანი DISCOVER TOMORROW და SUMMER OLYMPIC GAMES IN JAPAN. ხოლო ქვედა არასტანდარტულ რკალში კი განთავსებულია ფარული გამოსახულება, რომელზეც მონეტის განსხვავებული კუთხით დახრისას მონაცვლეობით ჩნდება წლები „2020" და „2021".

მონეტის წონა 15.5 გ, დიამეტრია - 33 მმ.