თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს ის ქვეყანაში 24 საათით შემოუშვას და მოსახლეობის რეაქციას დააკვირდეს.
„მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, არც ერთ დაცვას არ ვიხმობ. მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. რატომ არ უშვებენ ამას? იმაში ხომ არაა საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი მხარდაჭერა არის ხუთი პროცენტი და ჩემი 70-75%“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, უკრაინაში არაერთხელ იმყოფებოდნენ ქართველი საჯარო მოხელეები, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, რომლებიც სთხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოუშვან ის თბილისში.
მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად აკეთებს განცხადებებს საქართველოში დაბრუნების შესახებ, თუმცა თარიღს არასდროს არ აკონკრეტებს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. იგი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.
სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უჭირავს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.