კახა კალაძე მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება - მერია

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს, მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია, ის მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის მერს, კახა კალაძეს ექიმებმა დაუდგინეს საბოლოო დიაგნოზი - იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკატერინე ხარხელმა განუცხადა.

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე მკურნალობას აგრძელებს.

„დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“,- აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

კახა კალაძემ პარასკევს თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ მას მხოლოდ ვესტუბულოპათია დაუდგინდა.

  • იშემიური კოხლეოვესტიბულური სინდრომები არის თავბრუსხვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი და ვითარდება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს.