„ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებლად მოუგეს რუმინეთს თბილისში

რუმინეთთან მოგების შედეგად საქართველოს ნაკრებს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს მოგება ტურნირზე და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საგზური
Sputnik

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ევროპის ერთა თასის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრებს ანგარიშით 28:17 მოუგო.

ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში ბურთი ორჯერ დაამიწეს. ლელოს ავტორები გახდნენ ბექა გიგაშვილი და აკა ტაბუცაძე. კიდევ ერთი ლელო - ტექნიკური ჩაუთვალეს სტუმრებს 5-მეტრიან ზონაში დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ მე-20 წუთიდან საქართველოს ნაკრები უმცირესობაში თამაშობდა. შალვა მამუკაშვილმა სტუმრების შეტევა უხეში ილეთით გააჩერა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, რომელსაც რუმინელები ერთ საათზე მეტ ხანს ფლობდნენ, მათ „ბორჯღალოსნებს“ პრობლემები ვერ შეუქმნეს.

რუმინეთთან მოგების შედეგად საქართველოს ნაკრები მორიგ ჯერზე გახდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც ტრადიციულად ამ ორ გუნდს შორის მატჩებში თამაშდება.

რაც შეეხება ევროპის ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში სატურნირო მდგომარეობას, ოთხივე მატჩის მოგების შედეგად საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

რუმინეთთან მოგების შედეგად საქართველოს ნაკრებს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს მოგება ტურნირზე და კვალიფიკაცია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ოფიციალურად ამის შესახებ შეიძლება ითქვას მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები ივნისში ბელგია/ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.