„ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი“: კრისტიან დანიელსონი თბილისშია

შვედი დიპლომატი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ჩამოვიდა. ეს ევროპის მხრიდან უკვე მესამე მცდელობა იქნება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნოს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში  გვიან ღამით ჩამოფრინდა, იუწყება „პირველი არხი“.

შვედი დიპლომატი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ჩამოვიდა. ეს ევროპის მხრიდან უკვე მესამე მცდელობა იქნება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნოს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდები, ჩავერთო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში, ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან, დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, ის საქართველოში დარჩენას სამი დღით გეგმავს.

ქართული ოპოზიციის ნაწილი მზად არის გარკვეული პირობებით პარლამენტში შევიდეს

შაბათს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის შესახებ განაცხადა და ამისათვის გარკვეული პირობები დაასახელეს. მთავარი პირობა კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხია. ამასთან ოპოზიციაში მიუთითებენ, რომ ოპოზიციის შიგნით ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხელი მოაწერა ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკური პარტიისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა.

ოპოზიციის მიმართვის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა „გამოავლინოს პოლიტიკური კულტურა“ და მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხი მიუღებელია.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება: ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის >>

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.