საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო

20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა
Sputnik

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე ტრავმირებულია და მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში ესპანეთთან (28 მარტი) და საბერძნეთთან (31 მარტი) ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის...ჩემი გეგმები შვედეთთან თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო შეიცვალა, რის გამოც იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო. თუმცა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემი დებიუტით საქართველოს ნაკრებში! მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მთელ ჩემს გუნდს და ფედერაციას... მაგრამ ეს არ დასრულებულა... კიდევ ბევრი ლამაზი სანახაობა გველის ერთად, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე“, - დაწერა მიქაუტაძემ თავის Instagram-ზე.

20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა (0:1). თავდამსხმელი მოედანზე გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ 84-ე წუთზე გავიდა.

ფეხბურთი: საქართველო შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა

მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მარტის შუა რიცხვებში თავდამსხმელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და გამოძახება საქართველოს ნაკრებში. მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელია. ამჟამად ფორვარდი ბელგიის მეორე ლიგის კლუბ „სერენში“ ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2022-ის В შესარჩევ ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის და კოსოვოს გუნდებთან ერთად ასპარეზობს.