პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საველე წვრთნებს გადის

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში გადამზადების კურსის გავლა სხვა საჯარისო ქვედანაყოფებისთვისაცაა დაგეგმილი.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე მოსამზადებელ ოცეულის დონის სწავლება-შეფასებას გადის. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედროები თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ.

სწავლება ასევე მოიცავს ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებასა და სხვა საჭირო საკითხებს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. პროგრამის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად მზადყოფნის დონის ამაღლებაა.