„რა ფერია შავი ზღვა?“ ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის უჩვეულო გამოფენა გაიხსნა

ლევან მინდიაშვილის ნამუშევრები მანამდე გამოფენილი იყო კოსოვოში, აშშ-ში, ბერლინში, პეკინში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ნიუ–იორკში ვიზუალური ხელოვნების ქართველი არტისტის, ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „რა ფერია შავი ზღვა?“ (What color is the Black Sea?).

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენა Marisa Newman Projects–ის პლატფორმაზე მიმდინარეობს და მასზე მინდიაშვილის სულ ოთხი ნამუშევარია წარმოდგენილი. ესენია: ბავშვობის დროინდელი ფოტო შავი ზღვის სანაპიროზე, ზღარბი, ლევანის პლედი და ქართული ანბანი — ერთ–ერთი ყველაზე უძველესი მთელ მსოფლიოში.

ლევან მინდიაშვილი ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები მანამდე გამოფენილი იყო კოსოვოში, ნიუ–ჯერსის შტატში, ბერლინში, პეკინში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, ისინი გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Artnet News–ი, The Art Newspaper–ი, ArtAsia Pacific–ი, Observer–ი, Huffington Post–ი და სხვები.