„დამაინტრიგებელი საქართველო“: ფილმი „მზიური“ ბედს კანადაში სცდის

ფილმი მაყურებელს სთავაზობს შეულამაზებელ ხედვას დასავლეთისთვის შედარებით უცნობ ქვეყანაზე – ასე ეხმაურებიან ქეთი მაჭავარიანის ფილმს ტორონტოში.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ კანადის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის Hot Docs ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში შევიდა.

ქართულმა ფილმმა „მოთვინიერება“ საფრანგეთში მაღალი შეფასება დაიმსახურა

კანადის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი Hot Docs ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტ დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს. ღონისძიება ყოველ წელს ტორონტოში იმართება.

ქართულ ფილმს „მზიური“ ფესტივალის ვებ-გვერდზე აღწერენ, როგორც „პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დამაინტრიგებელ პორტრეტს“. ესაა ელეგანტურად წარმოდგენილი საქართველო „კადრს მიღმა“, რომელიც მაყურებელს სთავაზობს შეულამაზებელ ხედვას დასავლეთისთვის უცხო, შედარებით უცნობ ქვეყანაზე. ასე ეხმაურებიან ქეთი მაჭავარიანის ფილმს ფესტივალზე.

„ქვეყნის დიდი იმედებისა და შიშების შესახებ რომ შეიტყოთ, კარდაკარ უნდა იაროთ და პასუხები ეძებოთ. თემა შეუზღუდავია. უნდა იყოს თუ არა უმცირესობათა უფლებები დაცული? რას ფიქრობთ აბორტზე? გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე სირცხვილი იმიტომ, რომ ქართველი ხართ? როდის გაიგეთ, რომ სანტა–კლაუსი არ არსებობს? ბევრი ახალგაზრდა ტოვებს „მზიურ“ ქვეყანას და მიდის იქ, სადაც უფრო ადვილია ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა“, – აღნიშნულია Hot Docs-ის ვებ-გვერდზე.

„მზიურის“ გადაღებები 2018 წელს დაიწყო, როდესაც მან ფესტივალ Cine Doc Tbilisi-ს ფარგლებში ფულადი პრიზი მიიღო. თუმცა ფილმის დასრულება რეჟისორმა ფონდ IDFA Bertha Fund-ის დაფინანსების შემდეგ შეძლო. ფონდი ეხმარება შემოქმედებითი დოკუმენტური სექტორის შესაძლებლობების გაფართოებასა და წახალისებას აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.