იუსტიციის სახლები მოქალაქეებს დაჩქარებულ სერვისებს უქმეებზეც მიაწვდიან

საქართველოს იუსტიციის სახლში ვიზიტის ელექტრონულად წინასწარი დაჯავშნის გარეშე მომხმარებელი სერვისს ვერ მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. იუსტიციის სახლები 27 მარტიდან მომხმარებლისთვის დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენენ, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები და რეესტრები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს.

თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს იმუშავებს ასევე 10:00-დან 17:00 საათამდე.

უქმეებზე აღნიშნულ ფილიალებში, ისევე, როგორც პანდემიამდე პერიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება.

დაჩქარებული წესით (იმავე დღეს) გაიცემა: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობა, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის (ქორწინება, დაბადება და ა.შ.) მოწმობა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა და ა.შ.

მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებ-გვერდზე: psh.gov.ge

იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. დაინტერესებული პირი ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე (ქართული, აფხაზური, ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული) სთავაზობს. 

წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება

იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოქალაქემ აღნიშნულ პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში ვიზიტისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს:

– წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

– წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტის პირველადი რეგისტრაციის მოწმობა;

– ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.

საქართველოში მოქმედ 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება.