მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 25 მარტს აღინიშნება ხსენება: წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა; წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა; ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა; მართლისა ფინეზისა; ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა.
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
მეფე დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული
საქართველოს მეფე 1270-1289, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე.
დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა.
მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.
აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.
1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.
ღირსი თეოფანე სიღრიანელი
დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა.
წმიდა თეოფანე უფლისგან კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. 787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.
50 წლის ასაკში ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა „ქრონოგრაფია” – ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.
ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ, მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა (818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღსდგა. წმიდა თეოფანეს წმიდა ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.
977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.
1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.
წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც.
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი
დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.
წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.
წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.
წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.