ნებისმიერ ვიბრაციას მეწყრის ჩამოსვლა შეიძლება მოყვეს - სპეციალისტი ვაშლიჯვრის საშიშ ზონაზე

მეწყრის გადაადგილების სიჩქარე, რომელიც დღეს 24 საათში 5 სანტიმეტრს შეადგენს, შეიძლება შეიცვალოს, აფრთხილებს ექსპერტი
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მასზე გაჩენილი მეწყრული ნაპრალების გამო სამშენებლო სამუშაოები უნდა შეწყდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მედიაცენტრ „მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ქართველი, ისე გერმანელი სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ადგილზე საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს, რაც დეტალურ შესწავლას და სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

„მშენებლობა უნდა შეწყდეს. საუბარი არ არის მხოლოდ გზის სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ საუბარია მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მოქმედებაზე. ნებისმიერი სახის ვიბრაციის წყარო უნდა გაჩერდეს. განაშენიანება უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ამდენი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა სუხიშვილმა.

„გვეგონა, მიწა სკდებოდა“ – მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები ადამიანები სახლებს ტოვებენ

მისი თქმით, ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი, გადაადგილდება.

„ეს სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს. მეწყრის სისქე მდებარეობს დაახლოებით 16-20 მეტრის სიღრმეზე და არა 10 მეტრის, როგორც პირველადი შეფასების დროს გვეგონა. ვფიქრობთ, მიმდებარე ფერდიც გადადგილდება, რასაც ნაპრალით გამოეყო ეს ბლოკი. თუმცა, ამას ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეუბნებით“, - განაცხადა სუხიშვილმა.

სპეციალისტის თქმით, ახლა საჭიროა გაგრძელდეს აზომვები გადაადგილების ზუსტი მიმართულების დასადგენად. მან ასევე აღნიშნა, რომ მეწყრის სიჩქარე, რომელიც დღეს 24 საათში 5 სანტიმეტრს შეადგენს, შეიძლება შეიცვალოს.

„პირველადი დაკვირვებით, მეწყერი მაჭავარიანის ქუჩისკენ გადაადგილდება, ხევის მიმართულებითაც შეიძლება გადაადგილდებოდეს. საუბარია ხევზე, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას უერთდება“, - განაცხადა სუხიშვილმა.

კახა კალაძე ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ

ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, არის თუ არა საჭირო ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია, მიიჩნევს მეცნიერი.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“. ფერდობი მდებარეობს ნუცუბიძე-ლისი-ვაშლიჯვრის გზის თავზე, რომლის მშენებლობას მერია ახორციელებს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.