გადაწყვეტილება შეცვლილია: მერკელმა თითოეულ მოქალაქეს ბოდიში მოუხადა

მედიასაშუალებებში მკაცრი კრიტიკის შემდეგ გერმანიის კანცლერმა საკუთარი შეცდომა აღიარა და მანამდე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გერმანიაში სააღდგომო დღეებში მკაცრი ლოკდაუნის დაწესება არასწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ეს უმარავ პრობლემას წარმოშობს, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბოდიში მოუხადა ქვეყნის მოსახლეობას. 

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მომხრეები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

აღნიშნულის შესახებ წერს გამოცემა Deutsche Welle.

მანამდე, 22 მარტს, გავრცელდა  გერმანიის მთავრობისა და ფედერალური მიწების პრემიერ–მინისტრების გადაწყვეტილება, რომ ვნების კვირის ხუთშაბათი (1 აპრილი) და შაბათი (3 აპრილი) უქმე დღეებად ცხადდებოდა. შესაბამისად , ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს მუშაობა უნდა შეეწყვიტა მთელი კვირის განმავლობაში. ღია რჩებოდა მხოლოს ვაქცინაციისა და ტესტირების ცენტრები. მერკელის თქმით, გერმანიის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კერძო ცხოვრება სააღდგომო დღესასწაულებზე იმდენად მკაცრად უნდა შეზღუდულიყო, როგორც არასდროს მთელი პანდემიის განმავლობაში.  ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელად იქცა ქვეყნის მოსახლეობისთვის და მას უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა მედიასაშუალებებში.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური და ცალკეული მიწების ხელისუფლებები უკვე შეთანხმდნენ, რომ გააუქმებენ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას სააღდგომო დღესასწაულებზე მკაცრი ლოკდაუნის შესახებ.

„ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა, ვინაიდან ჯამში მხოლოდ მე ვაგებ ყველაფერზე პასუხს“, — განაცხადა კანცლერმა და პატიება სთხოვა ქვეყნის „ყველა მოქალაქეს“.

კანცლერის განცხადებით, 24 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ ხელისუფლება მხოლოდ შინ დარჩენის მოწოდებებით შემოიფარგლება და აღარ გამოაცხადებს წინასააღდგომო დღეებს ოფიციალურ უქმე დღეებად.

ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ორი დამატებითი დღის სადღესასწაულოდ გამოცხადება, რომლებზეც მკაცრი ლოკდაუნი გავრცელდებოდა, ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობდა, შედეგად ეს სარგებელზე მეტ ზიანს მიაყენებდა მოსახლეობას.