საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა

სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობისა და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში გაფართოვდა ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თოვლის ზვავის ეფექტი: მეცნიერები კორონავირუსის შემდეგ სხვა ახალ ეპიდემიას ელოდებიან

კერძოდ, ამბულატორიულ მომსახურებას დაემატა ოჯახში ექიმის და, აუცილებლობის შემთხვევაში, მედდის ვიზიტი. ეს ხელს შეუწყობს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის უფასო, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის მიწოდებას, აღნიშნავენ უწყებაში.

აღნიშნული სიახლის წყალობით განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იქნება ეს კორონავირუსი თუ სხვა თანმდევი დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც პაციენტებს გადაადგილება ეკრძალებათ, ისინი ექიმის კონსულტაციას სახლში მიიღებენ.

აღნიშნულ პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს და პაციენტების ხარჯებს მთლიანად ფარავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 8–9 მლნ ადამიანამდე ავადდება და აღნიშნული დაავადება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.

ტუბერკულოზთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 12.157.000 ლარია. აქედან 2.357.000 ლარი მიმართულია ამბულატორიულ მომსახურებაზე, 9.800.000 ლარი კი სტაციონარულ მომსახურებაზე. 

თვითგანადგურების უნარი: მეცნიერებმა ტუბერკულოზის ახალი თვისება აღმოაჩინეს

2020 წელს ამბოლატორიული მომსახურებით ქვეყანაში 20.116-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, სტაციონარული მომსახურებით კი 1.519-მა. აქედან 158-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დღეისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2,4 ათასი ადამიანია.

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს. პროგრამით სარგებლობას ასევე შეძლებენ საქართველოში მყოფი პირები, რომლებიც ბაქტერიის გავრცელების თვალსაზრისით რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.