თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩა, მიიჩნევენ სამართლის სფეროს ექსპერტები ვენედი ბენიძე და გია მეფარიშვილი. ამის შესახებ მათ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ამჯერად განხილვის თემა იყო „საქართველოში პოლიტიკური პროცესების სამართლებრივი შეფასება“. ცნობილია, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცია ვერაფრით ვერ აღწევენ კონსენსუსს.
ქართული ოპოზიცია დაჟინებით აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში გასული პარტიების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - საქართველოში „მესამე ძალა“ გამოჩნდება? >>
„რა მივიღეთ შედეგად - აზროვნების დეფიციტი, როდესაც ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე ადამიანები ორ ჯგუფად გაიყვნენ, - აცხადებს სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე. - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ერთი ჯგუფი იბრძვის ძალაუფლებისა და სავარძლების დასაბრუნებლად, საიდანაც ისინი თავის დროზე ხალხმა მოაშორა. მეორე ჯგუფი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის“.
სამართლის დოქტორი სვამს კითხვას - ამ შემთხვევაში ვის უნდა დაუჭიროს მხარი საზოგადოებამ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონების მიხედვით? და აქვე პასუხობს - იმას, ვისაც მოქალაქეთა უმრავლესობამ ხმა მისცა.
ამასთან ექსპერტი განმარტავს, რომ არჩევნების პროცესს აკვირდებიან პარტიების წარმომადგენლები, საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები. საბოლოო ჯამში ოქმს საარჩვენო კომისიის ყველა წევრი აწერს.
„დიახ, ისინი (ოქმები - რედ.) რამდენჯერმე გასწორდა და გადასწორდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში ისინი ხელმოწერილია და ჩაბარებულია. რაშია აქ კითხვა? სად იყურებოდნენ უკმაყოფილო პარტიების წარმომადგენლები? სად არის სხვა არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა?“ - სვამს რიტორიკულ კითხვას იურისტი.
ვენედი ბენიძე შეეხო ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
„ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლება კი არასდროს არ დათანხმება ამ პირობაზე. რა მოუხერხოს მილიონ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა? გამოდის, რომ ხელისუფლებას უმრავლესობის არჩევანის დაცვა არ შეუძლია? თუ დათანხმდებიან და მათ არჩევანს ბათილად გამოაცხადებენ, ეს ადამიანები კვლავ წავლენ და „ქართულ ოცნებას“ მისცემენ ხმას?“, - აცხადებს იურისტი.
შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზციონერი დეპუტატები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში >>
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, იუსტიციის გადამდგარი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი გია მეფარიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების გარდა, ხელისუფლების შეცვლის სხვა ლეგიტიმური და დემოკრატიული გზა არ არსებობს, მაშინ როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში დიდი ხანია დამკვიდრდა „ფერადი რევოლუციების“ ტრადიცია. მისი თქმით, უკმაყოფილო ოპოზიციის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გამოცდილება გააჩნია, აცხადებს ექსპერტი.
„ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ნებისმიერი მცდელობა უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის ნორმების შესაბამისად, რომლებიც სისხლის სამართლის კანონმდებლობაშია გაწერილი“, - ხაზს უსვამს მეფარიშვილი.
ის ასევე შეეხო ოპოზიციის მოთხოვნებს, რომლებსაც ის მმართველ პარტიას უყენებს - ახალი საარჩვენო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„არსებობს ასეთი პროცედურა, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში ან სხვა რომელიმე ნორმატიულ აქტში? არა, არ არსებობს. დავუშვათ, ხელისუფლება წავიდა ასეთ დათმობებზე, ეს ხომ უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციას, რომელი ნორმა უნდა მოიშველიონ?“ - სვამს კითხვას მეფარიშვილი.
ექსპერტები თანხმდებიან ერთ საკითხში - მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსავალი რთული წარმოსადგენია, გარდა ერთი ვარიანტისა: თუ ერთი მხარე დათმობაზე წასვლას გადაწყვეტს. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთ მხარეს დათმობაზე წასვლა არ სურს.