ანიტა რაჭველიშვილი წულუკიანის წინააღმდეგ: ჩემი ფეხი არ იქნება სცენაზე საქართველოში

ანიტა რაჭველიშვილმა დაგმო კულტურის ახლად არჩეული მინისტრის განცხადება ხელოვნების მოღვაწეთა შორის განსხვავებული აზრის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ სცენაზე არ გამოვა მანამ, სანამ ქვეყნის კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება. მომღერალმა ამგვარად გამოხატა პროტესტი მინისტრის განცხადებაზე ხელოვნების მოღვაწეთა შორის განსხვავებული აზრის თაობაზე.

„ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას, რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ, თორე...“, – დაწერა რაჭველიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

მანამდე პროსამთავრობო ტელეარხ PosTV-ს ეთერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ შემოქმედებითი ადამიანები ოპოზიციას უჭერენ მხარს, თუ ეს „მათი ორგანიზაციის მუშაობას არ უშლის ხელს“.

წულუკიანი: ვიცი რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში

„თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა – ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, თუ პოზიციის გამოხატვა ორგანიზაციის მუშაობას ხელს არ უშლის, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი, რომელიც პარლამენტის დეპუტატი იყო, კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.