გამყრელიძე: „ყველა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს...“

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ასევე ეწყობა დიდი შეკრებები, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების ძალიან დიდი რისკია.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი არსებობს, ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში ბოლო კვირაში ეპიდვითარების გაუარესება იძლევა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ყოველი მეოთხე ფრანგი „სპუტნიკ  V“-თი აცრას ისურვებდა - გამოკითხვის შედეგები

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს ზემოთ ავიდა, მაშინ როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ის 2%-ის ქვემოთ იყო. მაგრამ დღეს დღიურმა მაჩვენებელმა 1,93% შეადგინა (ბოლო 14 დღის - 1,59%, ბოლო 7 დღის - 1,92%).

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება, თითქმის ყველა მაჩვენებელი იზრდება.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება. არა ნახტომისებურად, მაგრამ ყველა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, ერთადერთი, რაც ქვემოთ მოდის, ეს არის სიკვდილიანობა. ამ შემსუბუქების ფონზე ეს პროგნოზირებადი იყო. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია, დამარცხებამდე ჯერ შორი გზაა. დამარცხდება მაშინ, როცა აიცრება მოსახლეობის 70%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, მათ შორის ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და თავი აარიდონ დიდ შეკრებებს.

მისი თქმით, თუ ადამიანები დაიცავენ რეკომენდაციებს და აპრილში ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად არ მოიმატებს, დიდი ალბათობით მესამე ტალღა არ იქნება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 278 ათასს გადააჭარბა.

რა მოხდება, თუ ქვეყანამ ვაქცინა ეფექტურად ვერ აითვისა: გაბუნიას განმარტება >>

ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შეამსუბუქა. თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.