ქართულმა ფილმმა „მოთვინიერება“ საფრანგეთში მაღალი შეფასება დაიმსახურა

ქართველი რეჟისორის ფილმი, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება, წარმატებულ საფესტივალო ისტორიას აგრძელებს.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება“ საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალ Cinéma du réel-ზე ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. 

Cinéma du Réel – დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 1978 წლიდან ტარდება. ფესტივალი მაყურებელს ყოველწლიურად 200-მდე დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს. წელს Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში 21 ფილმი – 11 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენეს. 

სალომე ჯაშის ფილმს ბერლინალეზე უჩვენებენ

ფილმმა „მოთვინიერება“ გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, იგი ბერლინალეს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (Berlin International Film Festival) პროგრამაში შევიდა – ფილმი Forum-ის სექციაში იყო ჩართული.

„მოთვინიერება“ – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის იანვარში გაიმართა. კინოფორუმზე ფილმი უკვე შეაქეს „გასაოცარი კინემატოგრაფიული სტილისთვის“, მისი რეჟისორი კი – ჟან რუშის და ნიონის კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი – „გამჭრიახობისა და დაკვირვებისათვის“.

სალომე ჯაში 1981 წელს ბათუმში დაიბადა. რეჟისორი ბერლინში ცხოვრობს. მისი ბოლო ფილმი „დაისის მიზიდულობა” (2016) რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმები „დაისის მიზიდულობა” და „ბახმარო” წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-თან თანამშრომლობით. „ბახმარო” ასევე წარდგენილი იყო აზია–წყნარი ოკეანის კინოაკადემიის პრემიაზე.