„ეს აუცილებელია“: მაკრონს ნატოში თურქეთის ადგილის გარკვევა სურს

საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოკავშირეები ისე არ იქცევიან, როგორც ანკარა იქცევა ბოლო პერიოდში.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. აუცილებლად მიმაჩნია ნატოში თურქეთის ადგილის გარკვევა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ France5-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნული ინტერვიუ დოკუმენტური ფილმის ფარგლებში შედგა, რომელშიც ასევე საუბარია თურქეთის ლიდერ რეჯეფ ერდოღანისა და თურქეთ–საფრანგეთის ურთიერთობების შესახებ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ თურქეთის ადგილი ნატოში. როგორც წესი, მოკავშირეებთან ურთიერთობებში არ კეთდება ის, რასაც თურქეთი აკეთებდა ბოლო პერიოდში“, — ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯების მაგალითად ლიბიაში დაქირავებული მებრძოლებისა და იარაღის გაგზავნა, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „არამეგობრული მოქმედებები“ მოიყვანა. 

გენდერის არასწორი გაგება: თურქეთმა განმარტა, რატომ გავიდა სტამბულის კონვენციიდან

მისი თქმით, თურქეთის მიმართ საფრანგეთის პოზიცია იყო უკიდურესად ნათელი, როდესაც ქვეყანამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ცალმხრივი ქმედებები დაგმო, შემდეგ ფრეგატები გაგზავნა იქ, მერე კი იმასაც მიაღწია, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დონეზეც დაგმობილიყო 2020 წლის სექტემბერში. 

ამასთან საფრანგეთის ლიდერს მიაჩნია, რომ ანკარასთან ზედმეტად ხისტი პოზიციის დაკავება არ ღირს და რომ საჭიროა დიალოგი, რათა თურქეთმა ზურგი არ აქციოს ევროპას და „გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე არ დადგეს“.

გარდა ამისა, მაკრონის აზრით, დიალოგი საჭიროა იმისთვისაც, რომ ანკარა რელიგიური ექსტრემიზმისკენ არ გადაიხაროს, რაც კიდევ უფრო სახიფათო და ნეგატიური შედეგენის მომტანი იქნება.