შვედი ლეგენდა ნაკრებს საქართველოსთან მატჩით უბრუნდება

შვედეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთის ფეხბურთის ნაკრები საქართველოს გუნდს ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალექსანდრ ისააკის დუეტით შეუტევს. მიღებული ტრავმის გამო სავარაუდოდ მატჩს გამოტოვებს რუსული „კრასნოდარის“ თავდამსხმელი მარკუს ბერგი. შეხვედრა 25 მარტს სოლნაში გაიმართება.

„ღმერთის დაბრუნება“ - ასე ეხმაურება თავად ზლატანი მის ნაკრებში გამოძახებას. იტალიური „მილანის“ 39 წლის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 5 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან შეხვედრაში დაუბრუნდება. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს 2016 წელს იასპარეზა.

„შესარჩევი მატჩები ორდღიანი შუალედით იმართება, ამიტომ ჩვენ შემადგენლობის არსებით როტაციას ვგეგმავთ. უკვე ვიცი, ვინ გამოვა საქართველოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში. მარკუს ბერგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, ისევე როგორც იოაკიმ ნილსონი და გუნდის კაპიტანი ანდრეას გრანკვისტი“, - აღნიშნა შვედეთის გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა

რაც შეეხება შვედეთის ნაკრების კაპიტანს, ანდერსონის თქმით, მოედანზე გუნდს გამოიყვანს ნაკრების კიდევ ერთი ვეტერანი - გამოცდილი სებასტიან ლარსონი. 35 წლის ნახევარმცველი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში და მხოლოდ 2018 წელს გადავიდა შვედურ „აიკში“.

სწორედ ლარსონმა ისაუბრა საქართველოსთან დამდეგ შესარჩევ მატჩზე.

„საქართველოს ნაკრებში შეტევაზე ორიენტირებული ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. თუმცა ამ სტილს მათთვის წარმატება ჯერ არ მოუტანია - ნაკრები ვერ მოხვდა უეფას ერთა ლიგის ჩემპიონატზე. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ, პირველ რიგში, ორიენტირებული ვიქნებით ჩვენი თამაშის პრინციპებზე“, - განაცხადა შვედეთის ნაკრების კაპიტანმა.

საქართველოს და შვედეთის გუნდები არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. მათთან ერთად შესარჩევ „В“ ჯგუფში არიან ესპანეთის, საბერძნეთის და კოსოვოს ნაკრებები.

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.