ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ნაწილობრივ გაიხსნა

გუდაური-კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოძრაობა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზა–გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალი ახალი გზა აშენდება

ამავე დროს მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.