საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება ექნებათ

საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 24 მარტიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 28 მარტს 20:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე, რომელიც 28 მარტს 20:00 საათზე გაიმართება, მაყურებლის ტრიბუნაზე დაშვების გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირას მიიღო. გულშემატკივარი დაესწრება რუმინეთი-საქართველოს დაპირისპირებას რაგბშიც, რომელიც იმავე დღეს საქართველოს დროით 13:00 საათზე გაიმართება.

„ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მაყურებელი „დინამო არენაზე“ საფეხბურთო მატჩს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით დაესწრება. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე ტრიბუნების 30% შეივსება. საქართველო ესპანეთის მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა 24 მარტიდან იწყება.

საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება>>

ეპიდვითარების სტაბილიზაციის გამო, მიუხედავად რიგი შეზღუდვების მოხსნისა, საქართველოს მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, ჯერ არ გეგმავს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ვირუსთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.