სხვათა ხარჯზე: ჯანმოს დირექტორმა ახალგაზრდების COVID-ვაქცინაცია დაგმო

ჯანმოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მსოფლიო კოლოსალურ მორალურ კრახს განიცდის იმ განსხვავების გამო, რომელიც მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ვაქცინაციების ტემპებში არსებობს
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახელმწიფოები, რომლებიც ახალგაზრდებს ცრიან კორონავირუსზე, ამას სხვა ქვეყნების რისკის ჯგუფის ადამიანების ხარჯზე აკეთებენ, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.

​„ქვეყნები, რომლებიც ახლა ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებს უტარებენ ვაქცინაციას, ამას სხვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სფეროს მუშაკების, ხანდაზმულებისა და რისკის ჯგუფში შემავალი სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე აკეთებენ“, — აღნიშნა მან.

გებრეიესუსის თქმით, მსოფლიო „კატასტროფულ მორალურ ჩავარდნას“ განიცდის, ვინაიდან COVID–ვაქცინაციის ტემპებს შორის განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო მექანიზმ COVAX–ის მეშვეობით იღებენ, სულ უფრო იზრდება.

ჯანმოს გენდირექტორს მიაჩნია, რომ ასეთი ვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ ქვეყნების მთავრობებმა საამისოდ ძალიან ცოტა გააკეთეს.

ამასთან გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი განაწილება ყველა ქვეყანას დააზარალებს როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.