თამარ გაბუნია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოში იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. უახლოეს მომავალში ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების აქტივობა ვაქცინაციის პროცესში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. 

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს კორონავირუსი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

აღნიშნული პირებისთვის ვაქცინის ჩასატარებლად რეგისტრაციის ონლაინ–პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

გაბუნიას განცხადებით, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია და კონკრეტულ დაწესებულებას აცრის ჩასატარებლად მიმართონ.  თუ როგორი იქნება აქტივობა, ეს გამოჩნდება 24-25 მარტს, როცა დაიწყება რეგისტრაცია. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რისკის დონე კორონავირუსთან მიმართებით არის მაღალი. ამიტომ უნდა განვაგრძოთ ვაქცინაციის აქტიური კამპანია და მოსახლეობის მოცვა იმ ავტორიზებული და ხარისხიანი ვაქცინით, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, 25 მარტიდან ვაქცინაციისთვის სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია პრიორიტეტული აღარ იქნება. ეს ორი დღე გარკვეულწილად მედიკოსებისთვის არის შესაძლებლობა, რომ პრიორიტეტულად ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში, დასძინა მინისტრის მოადგილემ. 

ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება.  რაც შეეხება Pfizer-ს–ის ვაქცინას, რომელსაც ქვეყანა ამ დღეებში ელოდება, პირველ ეტაპზე პრეპარატის 29.250 დოზა შემოვა. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.

ქართული საზოგადოების ვაქცინისადმი უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების მტკიცებით ახალგაზრდა ქალს ანაფილაქსიური შოკი ვაქცინაციიდან 30 წუთის შემდეგ განუვითარდა. მედდის ვაქცინაცია AstraZeneca–თი მოხდა.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“  კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 53% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. ამასთან, გაბუნიას სჯერა, რომ ხელისუფლებას საკმარისი დრო აქვს ანტივაქსერების ან იმ პირების დასაწრმუნებლად, რომლებიც ვაქცინას არ ენდობიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში განხორციელდება. გარდა ამისა, ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.