გრანდიოზული აფერა: თაღლითები ევროკავშირს 14 მლრდ ევროს არარსებულ ვაქცინებს სთავაზობდნენ

როგორც ირკვევა, ვაქცინების შეძენის თაობაზე თაღლითები პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს უკავშირდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებს თაღლითები საერთო ჯამში 14 მილიარდი ევროს ღირებულების არარსებული ვაქცინების ყიდვას სთავაზობდნენ, იუწყება გამოცემა Yle თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ ბიუროზე დაყრდნობით.

ინტერპოლის შეფი: ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად „კრიმინალის პანდემია“ იფეთქებს

როგორც ბიუროს ხელმძღვანელი ვილე იტალა განმარტავს, ორგანიზაცია აღნიშნულ მაქინაციაზე მას შემდეგ გავიდა, რაც ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ევროკომისიას მიმართა მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ თაღლითები ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს სთავაზობდნენ ვაქცინებს.

„ჩვენ შევისწავლეთ შეთავაზებები და აღმოვაჩინეთ, რომ მათ უკან დამნაშავეები იდგნენ. შეთავაზებები კარგად იყო გაფორმებული და სრულიად რეალურად გამოიყურებოდა“, — ამბობს ბიუროს ხელმძღვანელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითური შეთავაზება სულ ევროკავშირის 12 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გააფრთხილა 194 ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოები, შესაბამისად მომზადებულიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ ქსელური ორგანიზებული დანაშაულისთვის, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინებით ვაჭრობას მოიაზრებდა.