სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ადგილობრივების მტკიცებით, ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე, სოფელს კი სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია დასრულდა: შემდგომი გეგმები

ადილობრივების განცხადებით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს შექმნის. მათი თქმით, მშენებელმა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ ხეობაში შესაბამისი ტექნიკა უკვე შეიყვანა. ადგილობრივების ნაწილმა მდინარე ლოპოტას ნაპირზე ე.წ. სამორიგეო კარავი გაშალა და სადღეღამისო მორიგეობა დააწესა.

„ყველა ის შეკითხვა, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს დავუსვით, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. კარგად გვესმის, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენს ხეობაში, რომელიც მცოცავი ქანებით გამოირჩევა და არც წყალუხვია, ჰესის მშენებლობას არ დავუშვებთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას. ამასთანავე, მდინარე ლოპოტას დიდი ნაწილის მილებში მოქცევით სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას სერიოზული პრობლემა შეექმნება. 

„სასაუბრო არაფერია“ : ნათია თურნავამ ჰესების მოწინააღმდეგეებს უპასუხა

კომპანიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ადგილობრივების შეხვედრა 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რა დროსაც გადაწყდა, რომ მოსახლეობის ყველა კითხვაზე ექსპერტები სათანადო დასკვნებს გააცნობდნენ და დამატებითი კვლევებიც ჩატარდებოდა. თუმცა, როგორც ლაფანყურში აცხადებენ, მას შემდეგ მათთან კომპანიის წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ბრძანება 2018 წლის 6 ივლისს გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშენების შემთხვევაში ჰესის დადგმული სიმძლავრე 5.9 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება – 33 418 513 კვტ/სთ იქნება.

პროექტის მიხედვით, „ლოპოტა 1“ ჰესის სათავე ნაგებობა შედგება ორი წყალმიმღებისგან, რომელთაგან ერთი მდებარეობს მდინარე ლოპოტაზე, ხოლო მეორე – მის შენაკადზე.