ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი გახარიას გუნდში გადასვლას არ ადასტურებს

რესან კონცელიძე ირწმუნება, რომ მისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში გადასვლა არავის შეუთავაზებია.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი რესან კონცელიძე გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გახარია ხელისუფლებიდან წავიდა, მაგრამ არა – პოლიტიკიდან: რა გეგმები აქვს ექს-პრემიერს

პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, თუმცა თავად გახარიამ ეს საჯაროდ დღეს პირველად დაადასტურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თავისი გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

„მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი და არავითარი შემოთავაზება არ მქონია. ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან" ამირჩიეს და ვალდებულებები მათ მიმართ მაქვს. ვალდებულებების ერთგული ვრჩები, გავაგრძელებ „ქართული ოცნების" გუნდში მუშაობას და არ ვაპირებ სხვა გუნდში გადასვლას“, – განაცხადა რესან კონცელიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია მის შესახებ.

„ბატონი გიორგი ჩემი მინისტრი იყო", – დასძინა რესან კონცელიძემ.

გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ის მას შემდეგ გადადგა, რაც თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.