„ვაფასებთ თქვენს შრომას“: ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავენ

ჟურნალისტთა დღის აღნიშვნა ქართულ ენაზე პირველი გაზეთის „საქართველოს გაზეთის" გამოცემას მიეძღვნა. გაზეთის პირველი ნომერი თბილისში 1819 წელს, ძველი სტილით 8 მარტს, ხოლო ახლით 21 მარტს დაიბეჭდა.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ის 1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიაგარემოს არსებობაა.

„უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს თბილისის მერი, კახა კალაძეც ულოცავს.

„ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას! წარმატებები!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელ Facebook-გვერდზე.

ქართული მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც მიულოცა.

„ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მივულოცო ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწვევების დროსაც წინა ხაზზე დგახართ. მე და ჩემი კოლეგები პატივს გცემთ და ვაფასებთ თქვენს შრომას“, – წერს კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში.

21 მარტს  სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.