თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ამსტერდამის პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი დემონსტრაციის დასაშლელად, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ იმართებოდა, იუწყება ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია (NOS).
ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქის მუზეუმის მოედანზე ლოზუნგით „დავლიოთ ყავა თავისუფლებისთვის“, რაშიც შეკრების თავისუფლება იგულისხმებოდა. აღსანიშნავია, რომ აქცია ქალაქის მთავრობის ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.
საპროტესტო აქცია ამავე ადგილზე შაბათსაც გაიმართა. პოლიციამ შაბათსაც გამოიყენა წყლის ჭავლი ხალხის დასაშლელად, გარდა ამისა, 58 ადამიანი დააკავეს.
ნიდერლანდების ხელისუფლებამ 23 იანვარს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო. ის 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს, დარღვევა 95 ევროს ოდენობით ჯარიმას იწვევს.
ამ გადაწყვეტილებამ იანვრის ბოლოს რამდენიმე ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ჰაარლემსა და როტერდამში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამერსფორტში აქცია არეულობაში გადაიზარდა, მას მერე რაც პოლიციის მისამართით ისროლეს პიროტექნიკა, ჰერტოგენბოსში ადგილობრივი სუპერმარკეტი გაძარცვეს. ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები მოხდა.
მოგვიანებით ხელისუფლებამ კომენდანტის საათის მოქმედება 31 მარტამდე გააგრძელა.