ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება დაღუპულ მეგობარს მიუძღვნეს

„ლელოს“ კლუბის სახელით მოასპარეზე ქართველი მორაგბე აშშ-ში რამდენიმე დღის წინ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ევროპის ერთა თასის ფარგლებში რუსეთის გუნდთან გამარჯვება საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მიუძღვნეს თავის მეგობარს - გიორგი ლომთაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გარდაიცვალა.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს დამაჯერებლად მოუგო

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს“, - ციტირებს „ბორჯღალოსნების“ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს საქართველოს რაგბის კავშირი.

27 წლის ლომთაძე აშშ-ში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ლომთაძე კლუბ „ლელოს“ სახელით ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაში ოთხგზის გახდა საქართველოს ჩემპიონი. მას ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი.

ევროპის ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 14 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილში. საქართველოს ნაკრები ტურნირის ფარგლებში მომდევნო მატჩს თბილისში 28 მარტს რუმინეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.