საქართველოს ამჟამად ხორბლის სამი თვის მარაგი აქვს

საქართველოში პურის ფასის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგი აქვს – დაახლოებით 115 ათასი ტონა, რაც ქვეყანას სამი თვე ეყოფა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, არ დაუშვას პურის გაძვირება

წლის განმავლობაში საქართველო 700–800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან ადგილობრივი წარმოების ხორბალი მხოლოდ 10%-ია. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 70% მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო. მაგალითად, 2019 წელს საქართველომ დაახლოებით 700 ტონა ხორბალი იყიდა და აქედან დაახლოებით 550 ტონა – რუსეთისგან.

„ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს (გაეროს სასურსათო ორგანიზაცია) რეკომენდაცია 90 ათას ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ეს არის ორი თვის მარაგი. ჩვენ თითქმის სამი თვის მარაგი გვაქვს, რაც გვაძლევს რყევების აცილების შესაძლებლობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, მაღალი მარაგების შენარჩუნებამ მთავრობას მისცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში არ მოეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შენარჩუნებულიყო.

სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია

პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და ის გათვლილია 4 თვეზე. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ თავდაპირველად დააწესა სუბსიდია – 10 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე, რაც შემდეგ 15 ლარამდე გაზარდა.

სუბსიდირების პროგრამა მარტის ბოლომდე მოქმედებს. მთავრობა უკვე 20 მარტისთვის განსაზღვრავს, განაგრძოს პროგრამა თუ არა.